ჯგუფი არტ გენი შეიკრიბა 2003 წელს. მიზეზი, რამაც გაგვაერთიანა, იყო კულტურის სფეროში არსებული რთული მდგომარეობა, არ ექცეოდა ყურადღება ტრადიციულ კულტურას. ანალოგიური მდგომარეობა იყო გამოყენებით და სახვით ხელოვნებაში.
ჩვენ მიზნად დავისახეთ ახალგაზრდებში პოპლარული გაგვეხადა ტრადიციული ქართული კულტურა, ძირითადად ოჯახებში შემორჩენილი ფოლკლორი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, გაგვედო ერთგვარი ხიდი სოფელსა და ქალაქში მოღვაწე შემოქმედებს შორის.
მეთოდად ავირჩიეთ ფესტივალ არტ გენის დაფუძნება. ფესტივალის ლოკაციად ავირჩიეთ თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც ღია ცის ქვეშ გადმოტანილია საქართველოს ყველა რეგიონისათვის დამახასიათებელი სახლები და ტრადიციული ყოფა. იმ პერიოდში მუზეუმში ცოტა ხალხი დადიოდა.
ახალგაზრდების მოსაზიდად გადავწყვიტეთ მოგვეწვია ისეთი ანსამბლები და მუსიკოსები, რომლებიც ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობდენ მათში.
გავაფორმეთ კონტრაქტები წამყვან მედია საშუალებებთან, რომლებმაც აიტაცეს ტრადიციული კულტურის პოპულარიზაციის იდეა და გაგვიხსნეს კარი.მოვიძიეთ სპონსორები, რომლებიც დავაინტერესეთ მათი რეკლამის სატელევიზიო, რადიო და გარე სივრცეში განთავსებით. მათი ფინანსური დახმარებით განვაახლეთ თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული ამფითეატრი და აღვადგინეთ არსებული მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ღია ცის ქვეშ 7 ჰექტარზეა განთავსებული.
პარალელურად ინფორმაცია მივაწოდეთ სახელმწიფო სტრუქტურებს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიას. ისინი გვერდში დაგვიდგენ და მას მერე ყოველწლიურად გვეხმარებიან სხვადასხვა სერვისებით: მონაწილეთა ტრანსპორტირება, სასტუმროში დაბინავება, სახანძრო, სასწრაფო და სხვა მათ ხელთ არსებული სამსახურებით, ტექნიკით, აგრეთვე საქართველოს რეგიონებში არსებულ კულტურის სამსახურებთან კომუნიკაციაში.
თავდაპირველად, 2004-2005 წლებში,მხარში ამოგვიდგა ბრიტანეთის საელჩო, მოგვიანებით (2009-2011 წლები) ევროკავშირმა გამოგვიყო გრანტი, რაც ძალიან დაგვეხმარა რუსეთთან ომის შემდგომ კრიზისულ პერიოდში.
პოპულარული შემსრულებლების გამოსვლები დაიგეგმა ყოველი დღის ბოლოსათვის, რაც ერთგვარი სატყუარა უნდა ყოფილიყო ახალგაზრდობის მოსაზიდად, ხოლო მანამდე, დღის განმავლობაში, სცენის დათმობა გადაწყდა რეგიონებიდან ჩამოსული და თბილისური ტრადიციული საოჯახო ფოლკლორის წარმომადგენლებისავის. ამ ყველაფერს დაემატა თბილისში და მის შემოგარენში არსებულ რეწვის ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, კულინარია და ღვინო, აიკრძალა ფესტივალის გამართვის ტერიტორიაზე სიგარეტისა და მძიმე ალკოჰოლის გაყიდვა (ეს მიდგომა კვლავ შენარჩუნებულია) და 2004 წელს ჩავატარეთ პირველი ფესტივალი, რომელიც გაგრძელდა 5 დღე.
2005 წლის ივნისის თვეში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული ისტორიული ძეგლების მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ, იგივე სისტემით ჩავატარეთ რეგიონალური ფესტივალი, ხოლო დასკვნითი ფესტივალი კი 8 დღის განმავლობაში ისევ თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მოეწყო.
იდეამ გაამართლა! ახალგაზრდები მოვიდნენ გასართობად. საყვარელი ჯგუფების მოლოდინში, ღვინის, ყველის და მწვადის დაგემოვნების პარალელურად, ათვალიერებდენ თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმში ღია ცის ქვეშ განთავსებულ ექსპოზიციებს, რეწვის გამოფენებს, უსმენდნენ რეგიონებიდან ჩამოსულ ფოლკლორულ ოჯახებს. ეს უწყვეტად გრძელდება დღემდე.ფესტივალს ყოველწლიურად ესწრება 25,000-30,000 ადამიანი.